ყაზახური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტოყაევმა "ტერორისტული თავდასხმის საფრთხისგან დასაცავად" დახმარების თხოვნით კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას ОДКБ-ს მიმართა, რომლის შემადგენლობაში შედიან რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და სომხეთი.
"იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებები, არიან რეალურად საერთაშორისო დონის, მათ გაიარეს სერიოზული მომზადება საზღვარგარეთ და მათი თავდასხმები ყაზახეთზე უნდა იყოს განხილული როგორც აგრესიის აქტი. ამის გათვალისწინებით, კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, დღეს მე მივმართე ОДКБ-ს წევრ ქვეყნებს, რათა ამ ტერორისტული საფრთხის ქვეშ მყოფ ყაზახეთს დახმარება აღმოუჩინოს" - ამბობს ყასიმ ჟომართ ტოყაევი ყაზახური მედიის ინფორმაციით.
ყაზახეთში ვითარება დაძაბულია, ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ეროვნული გვარდიის 8 პოლიციელი დაიღუპა, მათივე ინფორმაციით, დაჭრილია 316 ადამიანი.
ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აქამდე საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ დედაქალაქში მოქმედებდა.
ამერიკის შეერთებული შტატები ყაზახეთის მთავრობას თავშეკავებისკენ, ხალხს კი მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებს, განცხადება თეთრი სახლის პრეს მდივანმა ჯენ პსაკმა გააკეთა.
მთელი დღის განმავლობაში ყაზახეთის მსხვილ ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდებოდა. ქალაქ ალმათში მომიტინგეებმა საოლქო ადმინისტრაციის შენობა და აეროპორტი დაიკავეს. ქვეყნები ყაზახეთის მიმართულებით რეისებს აუქმებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი გაითიშა ინტერნეტი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთ რეგიონში ინტერნეტმა მუშაობა აღადგინა.
ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ევროკავშირი, რომელიც მხარეებს, რომ ძალადობის ესკალაციისგან თავი შეიკავონ.
"ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებას მშვიდობიან შეკრებაზე და უსაფრთხოების სფეროში თავისი კანონიერი ინტერესების დაცვის დროს პროპორციული ძალა გამოიყენოს", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, პროტესტზე ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანრ ლუკაშენკო რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს ტელეფონით ესაუბრა.
მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ყოფილი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი კი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს.
პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ - მთავრობის გადადგომას.
განსაკუთრებით ვითარება გუშინ, 4 იანვარს დაიძაბა. პოლიციამ ქალაქ ალმათიში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, ასევე, რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.
ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან (43 თეთრი) 120-მდე (85 თეთრი) გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრის ფასი 50 ტენგე (36 თეთრი) იქნება.